რაჭა დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდოლო-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის
აუზში მდებარეობს. განთავსებულია ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთებზე მდ. რიონის
და მისი შენაკადების დინების ზემო ნაწილში. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ჯავის რაიონი,
დასავლეთით – ლენტეხის და ცაგერის რაიონები, სამხრეთით – საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოსა
და ჭიათურის ზონები, ჩრდილოეთით – რუსეთის ფედერაცია (ჩრდილო ოსეთის და ყაბარდო-ბალყარეთის
რესპუბლიკები) კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედით.
ვახუშტი ბატინოშვილის გადმოცემით, ამ ადგილს რაჭა შემდეგი შემთხვევის გამო დარქმევია: ერთ ქართველ მონადირეს, რომელიც აქ პირველად დასახლებულა, ნაქერალადან გადმოუხედავს, განცვიფრებულა რიონის ვიწრო და ღრმა ხეობით, იგი ჭისათვის მიუმსგავსებია და წამოუძახავს: "ეს რა ჭა ყოფილაო!" .
ამის შემდეგ ამ მხარეს რაჭა დარქმევია თავიდან რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომელიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. X ს.ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომელიც XIII ს-დან იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა იყოფა მთის რაჭად, ზემო და ქვემო რაჭად.
დღეისათვის მოიცავს 2 ადმინისტრაციულ რაიონს:
ონისა და ამბროლაურის. ონის რაიონის საერთო ფართობი 1359 კმ2-ს, ამბროლაურის -
1142 კმ2-ს შეადგენს. ონის რაიონს უწოდებენ ზემო რაჭას, ხოლო ამბროლაურის რაიონს –
ქვემო რაჭას.
ონის რაიონის რელიეფი მთაგორიანია. სიმაღლე
მერყეობს ზღვის დონიდან 600 მეტრიდან 4462 მეტრამდე. ჩრდილო ნაწილი (ფასის მთისა და
ჭანჭახის მწვერვალებს შორის) უჭირავს რაჭა-ლეჩხუმის (ცენტრალური) კავკასიონის ქედს,
რომლის სამხრეთი კალთა აგებულია იურული თიხაფიქალებით და ქვიშა-ქვებით, თხემური ზონა
– პალეოზურ-კამბრილის წინა გრანიტოიტებითა და კრისტალური ფიქლებით. მთავარი ქედის უმაღლესი
ადგილია მწვერვალი ჭანჭახი (4462 მ). 3000 მეტრზე მაღალი მწვერვალებია: ფასის მთა,
წითელი მთა, ლაბოდა, ტაიმაზი, ყარაუგომი და სხვა. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: გებევცეკის,
ღების, გურძიევცეკის, მამისონის.
აღსანიშნავია რაჭის ქედი — გასწვრივი გვერდითი ქედი კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, იწყება კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვერვალზეკარასთან და მთავრდება დასავლეთით მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. სიგრძე — 85 კმ. სიმაღლე — 2862 მ-მდე. აღმოსავლეთ ნაწილში აგებულია იურული ფიქლებითა და პორფირიტული წყებებით, დასავლეთით კი ცარცული კირქვებით. რაჭის ქედზეა მწვერვალები: მაჩხარახოხი, სირხლებერთა (ლებეურისმთა), დაღვერულა, ხიხათა, საწალიკე, ველტყევი, ნაქერალა, თავშავა და სხვა; უღელტეხილები: ლეთა, ერწო, ხიხათა, ნაქერალა და სხვა. სამხრეთი კალთა ციცაბოა, ჩრდილოეთი კი დამრეცი, სადაც მდებარეობს შაორის ტაფობი.
ონის რაიონი (ზემო რაჭა) ზღვის ნოტიო სუბტროპიკული
კლიმატის ოლქში მდებარეობს, რომელსაც კლიმატის სიმაღლებრივი ზონალურობა ახასიათებს:
დაახლოებით 300-900 მ სიმაღლის ზონაში ჰავა ზომიერად ნოტიოა, ახასიათებს ცივი ზამთარი
და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული საშუალო წლიური ტემპერატურა 10C0, იანვრის
-1C0, ივლისის +20,4C0, აბსოლუტური მინიმუმი –27C0,
აბსოლუტური მაქსიმუმი +36C0. წლიური ნალექი 1000-1100 მმ-ს შეადგენს. ნალექების
მაქსიმუმი გაზაფხულზე მოდის, მინიმუმი – ზაფხულში. რაიონის ყველაზე მაღალ ადგილებში
მაღალმთის კლიმატია, მუდმივი თოვლითა და მყინვარებით.
ამბროლაურის რაიონის (ქვემო რაჭის) კლიმატი
გარდამავალია ზომიერსა და ნოტიო სუბტროპიკულს შორის. ადმინისტრაციული რაიონის მდებარეობა
განსაზღვრავს მის ტერიტორიაზე ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ტიპის დომინირებას. ამბროლაურის
რაიონის დაბალმთიანეთში ზომიერად ცივ ზამთრიანი და შედარებით ცხელ ზაფხულიანი ჰავის
ტიპია გაბატონებული, მაღალმთიანი ზონისათვის კი უხვთოვლიანი მთის ნოტიო ჰავაა დამახასიათებელი.
ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9-10C0-ია (დაბალ ზონაში), ზოგან კი
- 4-5C0 (მთიანეთში). რაიონის დაბალ ნაწილში იანვრის საშუალო ტემპერატურა
1.5-4C0-ია, ივლისისა კი 18-24C0-ის ფარგლებში მერყეობს. ატმოსფერული
ნალექების წლიური რაოდენობა 1000-1500 მმ-ია, მთებში ეს პარამეტრი 1600-1800 მმ-ს აღწევს.
რაჭის მთავარი მდინარეა რიონი, რომელიც
წყალუხვობით ქვეყანაში პირველ ადგილზეა. რიონი და მისი შენაკადები შავი ზღვის აუზს
მიეკუთვნება. მდ. რიონის წყალშემკრები აუზი 13400 კმ2-ია. რიონი სათავეს იღებს კავკასიონის
მთავარ ქედზე არსებული ფასის მთის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2960 მ სიმაღლეზე.
აქედან წარმოდგება რიონის ძველი სახელწოდება “ფაზისი”. მდინარის საერთო სიგრძე სათავიდან
შესართავამდე (შავი ზღვა) 327 კმ-ია. რაჭის ტერიტორიაზე რიონი 115 კმ-ს გადის, მათ
შორის, ონის რაიონის ტერიტორიაზე – 75 კმ-ს, ხოლო ამბროლაურის ტერიტორიაზე – 40 კმ-ს.
მდინარის საშუალო დაქანებაა - 7.20. სეზონების მიხედვით, ჩამონადენის ოდენობა პროცენტულად
შემდეგნაირად ნაწილდება: გაზაფხული - 38.8%, ზაფხული - 28.5%, შემოდგომა - 18.4%, ზამთარი
- 14.3%. რაჭაში რიონი და მისი შენაკადები მიედინებიან ღრმად დასერილ ხეობებში, რომელთათვისაც
დამახასიათებელია დიდი დახრილობა, რაც ხშირად ქმნის ჭორომებს და მცირე ჩანჩქერებს.
რიონის ძირითადი შენაკადებია: მარცხენა – ზოფხითურა, ჩვეშურა, ნოწარულა, ჭანჭახი, გომრულა,
ღარულა, ჯეჯორა ქვედრულით, ხეორი, ჭეშურა, ბარულა, კრიხულა, ზნაკვურა, შარაულა, მარჯვენა
–
რუბოძალის წყალი, შეისური,
შოდურა, საკაურა, ხევა, სარტოულა, ლუხუნი, რიცეული და ასკისწყალი.
მდინარეები უმეტესწილად საზრდოობენ მიწისქვეშა,
წვიმისა და თოვლის ნადნობი წყლებით, ნაწილობრივ კი - მყინვარებით. რიონმა წყალდიდობა
იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში. ჩამონადენით გამოირჩევა მისი მარჯვენა შენაკადები.
მდინარე ლუხუნისწყალი (ლუხუნურიწყალი,
ლუხუნი) სათავეს იღებს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ ფერდობზე არსებული რამდენიმე წყაროდან, ლუხუნისწვერის
(3179,6 მ.) მთის კალთებიდან, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. ჩაედინება მდინარე რიონში სოფელ წესთან, მარჯვენა მხრიდან. წყლის მოცულობა
და რეჟიმი ფორმირდება ალპურ, სუბალპურ და მთის
ტყის ლანდშაფტებში. მდინარის სიგრძე 38 კმ-ია,
ვარდნა - 2038 მეტრი, აუზის ფართობი - 293 კმ2, საშუალო სიმაღლე 1750 მ, ხარჯი - 11,8 მ3/წმ, მოცულობა - 374 მლნ/მ3. ძირითადი შენაკადია ხეორისწყალი
(14კმ). მდინარეში აგრეთვე ჩაედინება 32
პატარა შენაკადი 81 კმ საერთო სიგრძით. რაიონი
არ გამოირჩევა ტბებით. მნიშვნელოვანია მხოლოდ ჭელიაღელისა და ნაკარევის (საწურბლიას
ტბები).
რაიონის შიგა წყლების თავისებურებათა ანალიზისათვის
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შაორის წყალსაცავს (ზ.დ. 1134 მ), რომელსაც 13 კვ.
კმ ფართობი უჭირავს. შაორჰესის წყალსაცავი მდებარეობს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ნიკორწმინდის მახლობლად,
შაორის ქვაბულში, ნაქერალას ქედის ჩრდილო ფერდობზე. შაორის წყალსაცავის წყალშემკრები
აუზის ფართობი 126 კმ2-ია.
იგი შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს. მისი უდიდესი სიღრმე
14,5 მეტრია, საშუალო კი
9,8. შაორი შენაკადებითა და ნალექებით საზრდოობს, რომლებიც მის ზედაპირზე მოდის (წელიწადში
1500 მმ).
ქვაბული აგებულია ქვედაცარცული კარბონატული ქანებით, სადაც კარგადაა განვითარებული კარსტული პროცესები. შაორის წყალსაცავის სარკის ქვეშ მოხვედრილია
უნიკალური სასმელი წყლები. გეოლოგების დასახლების მოპირდაპირე მხარეს იყო ტბები – ხარისთვალი და ძრიხისთვალი, რომლებსაც
სახელწოდება მიღებული აქვს შესატყვისად ხსენებული პირუტყვის თვალების მსგავსებიდან. წყლის
დაგუბებამდე, აქ შადრევანის სახით ამოდიოდა ცივი ანკარა სასმელი წყალი. აქვე მის გაგრძელებაზე
არის შევარდენის წყარო, რომელმაც სახელწოდება მიიღო იქიდან, რომ სასმელად ფრინველი
ეტანებოდა (ალბათ რაიმე თვისების გამო). წყალსაცავის ნაპირები მეტწილად დაბალი და დამრეცია, ზოგან ფლატეებია. იგი წყლით ამარაგებს შაორჰესს. მიმდებარე ტერიტორია შესანიშნავი დასასვენებელი ადგილია
და წარმტაცი ლანდშაფტით მნახველში განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს.
რაჭა-ლეჩხუმის მთელი ტერიტორია
მიეკუთვნება კოლხეთის ბოტანიკურ-გეოგრაფიულ პროვინციას, კერძოდ, შავი ზღვის აღმოსავლეთ
აუზს. აქ მკვეთრადაა გამოხატული მცენარეული საფარის კოლხური ტიპი. ეს უპირველესად გულისხმობს
აბსოლუტური სიმაღლის ზრდის შესაბამისად ფოთოლმცვივანი (მუხნარ- რცხილნარებისა და წიფლნარების) ტყეების შეცვლას
წიფლნარ-მუქწიწვიანებით, ხოლო ამ უკანაკნელის, ჯერ სუბალპური და ალპური მდელოებით,
შემდეგ - სუბნივალური მცენარეულობით. რეგიონის ფლორის მრავალფეროვნებას და მის უნიკალურობას
განსაზღვრავს მისი არსებობა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გეობოტანიკური არეალების
კონტაქტის ზონაში. აქ ვხვდებით როგორც კოლხეთის მესამეულ რელიქტებსა და ენდემებს (შქერი,
წყავი, ჯონჯოლი, ხურმა, ბზა და სხვ.), ასევე აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთი კალთის
მშრალი კონტინენტური ჰავის მცენარეულობას: მუხა, ჯაგრცხილა, კუნელი, შინდი, ზღმარტლი,
ღვია, ფიჭვი და სხვა. მცენარეთა მრავალფეროვნებას აგრეთვე განაპირობებს ზღვის დონიდან
სიმაღლეთა დიდი ამპლიტუდა (600-დან 3000 მ-მდე) და მცენარეთა გავრცელების ვერტიკალური
ზონალობა. რაჭა-ლეჩხუმის ფლორა 1200-მდე სახეობის მცენარეს ითვლის (მღიერებისა და წყალმცენარეების
ჩათვლით), რომლებიც 491 გვარსა და 106 ოჯახს მიეკუთვნებიან. სახეობათა საერთო რაოდენობიდან
- 272 კავკასიისა და საქართველოს ენდემია (აქედან 110 - საერთოკავკასიური, 99 - კავკასიონის,
54 -საქართველოს, 9 - რაჭა- ლეჩხუმის ენდემია), აქ საკმაოდ დიდი რაოდენობითაა (33 სახეობა)
დასავლეთ საქართველოს კირქვული ეკოტონების ენდემები.
უმთავრეს ბუნებრივ სიმდიდრეს ტყე წარმოადგენს,
რომელსაც ტერიტორიის 46.6% - უკავია. აქ თავმოყრილია მთელ კავკასიონზე გავრცელებული
ყველა წიწვიანი სახეობის მცენარეები, როგორიცაა ნაძვი, სოჭი, ფიჭვი, უთხოვარი და ღვია.
ნაძვი და სოჭი ცენტრალურ კავკასიონზე, ზღვის დონიდან 1100-1600 მ-მდე, ქმნის მაღალი
პროდუქტიულობის ხელუხლებელ ტყის მასივებს. 1000-1100 მ-მდე სიმაღლეზე გავრცელებულია
ფლორისტულად მეტად მდიდარი ფართოფოთლოვანი ტყეები, სადაც წიფელთან ერთად გვხვდება ისეთი
ძვირფასი სახეობის ხემცენარეები, როგორიც არის მუხა, წაბლი, იფანი, ნეკერჩხალი, ცაცხვი,
ბალამწარა, პანტა, მაჟალო და სხვა. წიფლნარები 1100 მ-დან ზემოთ ქმნიან როგორც წმინდა
კორომებს, ასევე, ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად, შერეულ კორომებს წიწვიან
სახეობებთან ერთად. სუბალპური ტყეების ზონაში გვხვდება ლიტვინოვის არყი, მაღალმთის
ნეკერჩხალი და კავკასიური ცირცელი. რაჭის რეგიონის ტყეები I კატეგორიას მიეკუთვნება,
აქვს წყალმარეგულირებელი, ეროზიისაწინააღმდეგო,
ზვავშემაფერხებელი, აგრეთვე
რეკრეაციული მნიშვნელობა. რეგიონში ტყეების უსისტემო ჭრა აღინიშნება მე-20 საუკუნის
50-იანი წლებიდან, როცა 1 ჰა ტყის კორომზე ერთ ჯერზე იჩეხებოდა 300-400 მ3 მაღალხარისხიანი
ხე- ტყე. ტყეებში გავრცელებულია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები: უთხოვარი,
წაბლი, ქართული თხილი და სხვა.
აქ წარმოდგენილია დასავლეთ
კავკასიონისათვის დამახასიათებელი მთელი სიმაღლითი სპექტრი:
- მთისწინეთისა და ქვედა
მთის ტყის (კოლხური) მცენარეულობა;
- საშუალო მთის ტყის,
წიფლნარების სიჭარბით;
- საშუალო მთის წიფლნარ-მუქწიწვიანი
ტყის;
- ზედა მთის (წიფლნარ-ნეკერჩხლიანი);
- მაღალი მთის სუბალპური
მდელოს;
- მაღალი მთის ალპური
მდელოს;
- სუბნივალური ზონა;
- ნივალური ზონა.
მთისწინეთისა და ქვედა მთის ტყის სარტყელი
ვრცელდება რაჭა-ლეჩხუმის ქვაბულის ქვედა ნაწილში, ზ.დ. 600-900 მ სიმაღლემდე. არსად
სხვაგან დასავლეთ კავკასიონზე აღნიშნული სარტყელი ასეთ სიმაღლეზე არ ადის. აქ ძირითადი
ტყეშემქმნელი ჯიშებია: მუხის სხვადასხვა სახეობა (Quercus iberica; Quercus
hartvissiana), კავკასიური რცხილა, ხშირია ჩვეულებრივი წაბლი, გვხვდება აღმოსავლური
წიფელი, კავკასიური ფიჭვი, ჩვეულებრივი ნეკერჩხალი, იფანი, კავკასიური ცაცხვი, თელა,
ჩვეულებრივი მურყანი. ქვეტყეში გვხვდება კოლხური თხილი, კუნელი, ბზა, ურთხელი, ზღმარტლი,
იელი, კოლხური ჯონჯოლი, დიდგულა, ჩვეულებრივი კოწახური. ტყეში ბევრია გარეული ხილი:
პანტა, შინდი, თამელი, მაჟალო, ძახველი, მაღალი მოცვი და სხვა. მდ. რიონის მარჯვენა
მხარეს, ზ.დ. 700 მ სიმაღლეზე, უპირატესად, კირქვული სუბსტრატის სამხრეთის ექსპოზიციის
ფერდობებზე (ამბროლაურის მიდამოებში), გვხვდება შედარებით ახალგაზრდა მუხნარ-ფიჭვნარი
ტყეები, სადაც ქვეტყეს უმთავრესად თრიმლი (Cotinus coggygria) ქმნის. ამგვარად, მთისწინეთსა
და ქვედა მთებში ბუნებრივი მცენარეული საფარი წარმოდგენილია მუხნარ- რცხილნარი, მუხნარი,
ზოგან - ფიჭვნარი, რცხილნარ-წიფლნარი და წაბლნარი ტყეებით, რომლებსაც კოლხური ტყის
იერი დაჰკრავს. დღეს ეს ტყეები თითქმის მთლიანად განადგურებულია ან ძლიერ არის შეცვლილი.
იგი მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი სოფლების: სხვავის, ტბეთის,
გოგოლეთის, თხმორის, ჭრებალოს და ხიმშის მიდამოებში. მოცემული ტერიტორია სამეურნეოდ
კარგად არის ათვისებული, რაც მცენარეული საფრის ძირეულ შეცვლას განაპირობებს. ხელსაყრელმა
ნიადაგურ-კლიმატურმა პირობებმა განსაზღვრა სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარება.
აღნიშნული ზონა რაჭის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია, სადაც ბუნებრივი მცენარეულობის
ადგილი სასოფლო-სამეურნეო კულტურებს უკავია.
საშუალო მთის ტყეები წიფლნარების სიჭარბით
წარმოდგენილია ზ.დ. 800 - 1550 მ-მდე, ზოგან უფრო მაღლაც. ძირითად ტყეშემქნელი ჯიშს
აქ წარმოადგენს აღმოსავლური წიფელი, რომელიც მონოდომინანტურ ტყეებს ქმნის (უმთავრესად
ზღვის დონიდან 1400 - 1500 მ. სიმაღლეზე). წიფელს ხშირად ერევა ქვედა მთის ტყისა და
საშუალო მთის მუქწიწვიანებისათვის დამახასიათებელი ხემცენარეები, კერძოდ: კავკასიური
რცხილა, ჩვეულებრივი წაბლი, კავკასიური სოჭი, აღმოსავლური ნაძვი, გვხვდება აგრეთვე
თუთა, ვერხვი, შინდანწლა, აკაცია. ქვეტყეში გვხვდება მაყვალი, მაღალი მოცვი, ჩვეულებრივი
თხილი, დათვისთხილა, წყავი, ბაძგი და სხვ. საშუალო მთის ტყეები მუქწიწვიანებითა და
წიფლნარ-მუქწიწვიანებით ვრცელდება ზ.დ. 1400-1500 მ-ის ზემოთ, თითქმის 2000 მ სიმაღლემდე.
ძირითად ტყეშემქმნელ ჯიშებს აქ 3 სახეობა ქმნის: აღმოსავლური წიფელი, კავკასიური სოჭი
და აღმოსავლური ნაძვი. მინარევის სახით გვხვდება წიფლნარებისთვის დამახასიათებელი ხემცენარეებიც.
ძირითადი მცენარეული ფორმაციებია: წიფლნარ-სოჭნარები, ნაძვნარ-სოჭნარები, წიფლნარ-ნაძვნარები.
რაჭის ქედის ჩრდილო ფერდობისათვის მდიდარი კოლხური მარადმწვანე ქვეტყეა დამახასიათებელი,
რაც არ შეიძლება ითქვას ლეჩხუმის ქედზეც, სადაც უფრო ტიპურია ტყეები ბალახოვანი ან
მკვდარი საფარით. მარადმწვანე ბუჩქნარებიდან გვხვდება: ბაძგი, შქერი, წყავი, და სხვა.
კარსტულ ქვაბულში შქერი გაუვალ ბარდებს - „შქერიანს“ ქმნის. საწალიკის მთის მიდამოებისთვის
დამახასიათებელია წაბლი და ურთხელი, რომელიც ზღვის დონიდან 1600 მ-მდე ქმნის ურთხელ-წაბლის
ტყეებს. კარბონატულ სუბსტრაქტზე ტყეშემქმნელ ჯიშთა შორის მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ფიჭვიც. აქ ტყეები ღარიბია კოლხური ელემენტებით, რომელთა ადგილიც უფრო ქსეროფიტულ სახეობებს
უკავია.
ზედა მთის ტყეები ზ.დ. 1800-1900 მ-ის
ზემოთ ვრცელდება. იგი ბუნებრივად არის გამეჩხერებული. ტყის ძირითად სახეობებს წარმოადგენს:
აღმოსავლური წიფელი, მაღალმთის ბოკვი, მთის ნეკერჩხალი; გვხვდება ტირიფი, ცირცელის
სხვადასხვა სახეობა: ამპურა, გოგოსა, კოლხური ცირცელი და სხვ.
მაღალი მთის სუბალპური და ალპური მდელოები
ზ.დ. 2200-3300 მ-ის ზემოთ ვრცელდება. მათ ფერდობების ზედა ნაწილი და თხემური ზოლი
უკავია. აღნიშნულ სარტყელში გვხვდება სუბალპური ტყეები, დეკიანები, მარცვლოვან-ნაირბალახოვანი
მდელოები და ალპური მდელოები. სუბალპურში გავრცელებულია ტანბრეცილი ტყეები, სადაც ძირითადი
სახეობებია: მეჭეჭიანი არყის ხე, თეთრი არყი, მდგნალი, აღმოსავლური წიფელი, მაღალმთის
ბოკვი და სხვა. ხშირია დეკა, გვხვდება მოცვი, წითელი მოცვი. ბალახოვანი საფარიდან ყველაზე
ხშირია: ლაშქარა, ტყის ფარსმანდუკი, ქედუნა, მრავალძარღვა; ტილჭირი, ბარისპირა, სამკურნალო
ბარისპირა, მთის პიტნა, ანგელოზა და სხვა .
ალპური მდელოებისათვის დამახასიათებელი
ბალახოვანებია: კენკეშა, ასტრა, ცხვრის სამყურა, ჭაღარა სამყურა, ტილჭირი და სხვა .
მაღალი მთის სუბნივალური და ნივალური სარტყელი
მეტად შეზღუდული გავრცელებისაა და გვხვდება უმთავრესად ლეჩხუმის ქედის თხემურ ზოლში,
ამბროლაურის რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (რაჭის ქედის თხემურ ზოლში კი მხოლოდ
მცირე ფრაგმენტების სახით). კლდის მცენარეულობა თითქმის მთელ ვერტიკალურ დიაპაზონზე
გვხვდება. ქვედა და საშუალო მთებში კლდეებზე ხარობს კავკასიური ფიჭვი, ღვია. ბალახოვანებიდან
- მიხაკი, ქოთანა. ფარსმანდუკი, ია, ბუსკანტურა, ჩიტის ბირკა, ჭარელა, ბეგქონდარა და
სხვ. სუბალპური და ალპური მდელოების გვერდით ვხვდებით დეკას, ღვიას და მაღალმთის მოცვს.
რეგიონში ფაუნის სახეობრივი სიმდიდრე წარმოდგენილია
20-ზე მეტი ძუძუმწოვარი ცხოველით, 50-მდე სახეობის ფრინველით და 10-ზე მეტი სახეობის
რეპტილიითა და ამფიბიით. აქ გვხვდება გომბეშო, ვასაკა, ბაყაყი, ანკარა, მცურავი, ბოხმეჭა,
სპილენძა, კლდისა და დერიუგინის ხვლიკები. ხელფრთიანებიდან არის ღამურები (კომანი და
ნათეზიუსის კომანი), ულვაშა მღამიობი, მცირე ცხვირნალა. მღრღნელებიდან გავრცელებულია
პრომეთეს თოვლა და ბუჩქნარის მემინდვრიები, ტყის თაგვი, აგრეთვე ბიგა და ზღარბი. საშუალო
და მსხვილი ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია ჯიხვი, არჩვი, შველი, გარეული ღორი, მელა,
მგელი, დათვი, თეთრყელა და ყვითელყელა კვერნები, წავი, მაჩვი, ფოცხვერი, ციყვი, კურდღელი
და დედოფალა.
ფრინველებიდან - შურთხი, როჭო, ქედანი,
შაშვი, ჩხართვი, შავი კოდალა, მწვანე კოდალა, დიდი და მცირე ჭრელი კოდალები, ჩხიკვი,
ყორანი, კლდის ცოცია, ნამგალა, კვირიონი, მთის ბოლოქანქარა, სკვინჩა, ალპური ჭვინტაკი,
ბუკიოტი, მთის არწივი, ქორი, მიმინო, ძერა, კაკაჩა, სვავი, ორბი, შევარდენი და თეთრკუდა
არწივი. მდინარეებში გავრცელებულია კალმახი. რაჭის სავარგულებში ბოლო 20-30 წლის განმავლობაში
ირემი აღარ ბინადრობს. გარეული ცხოველების სახეობრივი სიმდიდრის შენარჩუნების თვალსაზრისით,
განსაკუთრებულ დაცვას მოითხოვს შემდეგი სახეობები – ჯიხვი, არჩვი, ფოცხვერი, წავი,
შურთხი, როჭო, მთის არწივი, შევარდენი, სვავი და ორბი.
რაჭის ფაუნის სახეობებიდან მეტად საინტერესოა
ჯიხვი, რომელიც დიდი კავკასიონის ენდემია. ცნობილია, რომ გვხვდება ორი სახეობა: დასავლეთ
კავკასიური ჯიხვი (Capra caucasica) და აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra
cylindricornis). არის შეხედულება, რომ ქედის ცენტრალურ ადგილებში და კავკასიონის ზოგიერთ
გვერდით ქედებზე, მათ შორის რაჭის ტერიტორიაზე, წარმოიქმნება ჰიბრიდული ფორმები. თუმცა
რეალური სურათი უცნობია. წარსულში დასავლეთ კავკასიური ჯიხვი და შესაძლებელია, დასავლეთ
კავკასიური და აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვების ჰიბრიდული ფორმები რაჭაშიც იყო გავრცელებული.
მე-19 საუკუნის ბოლოს ონის მახლობლად, შოდის მთის მიდამოებში, უამრავი ჯიხვი ბინადრობდა.
აქ ისინი დიდ ჯოგებად დადიოდნენ. ზემო რაჭის მცხოვრებლები (სოფლები: ღები, გლოლა, ჭიორა)
ყოველწლიურად 100-მდე ჯიხვს ხოცავდნენ. გასული საუკუნის ბოლოს ჯიხვი მცირე რაოდენობით
კიდევ იყო შემორჩენილი რაჭისა და სვანეთის მოსაზღვრე ტერიტორიაზე. დღეისათვის აქ ჯიხვის
არსებობისა და რიცხოვნობის მდგომარეობა უცნობია.
ისტორიული მთის რაჭა შედიოდა რაჭის საერისთაოში,
რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი
ცხოვრების განვითარებასა და დაწინაურებაში. ამის ნათელი მტკიცებულებაა რაჭაში მიმოფანტული
ნანგრევები და დღემდე დაცული ისტორიული ძეგლები.
რაჭაში უამრვი ღირშესანიშნაობაა
რომელიც მოვლას და დაცვას საჭიროებს, ესენია: ნიკორწმინდის ეკლესია (XIს.), მინდა ციხე, ონის ციხე (შუა
საუკუნეები), პატარა ონი - დარბაზული ეკლესია (XIს.), შქმერის კარსტული მღვიმე (1720მ.),
მრავალძალის დარბაზული ეკლესია(X_XIსს.,
XIX ს.), უწერა-დარბაზული ეკლესია, ნანგრევებიuwera - (X ს.), ღები, ბარაკონი (XVIII ს.), ხვანჭკარის ციხე და
ეკლესია (შუა საუკუნეები), ხოტევის ციხე (შუა საუკუნეები), ბუგეულის დარბაზული
ეკლესია(XIV-XV ს.) და ასევე სხვა ისტორიული ძეგლები:
1.
ამბროლაურის ღვთისმშობლისეკლესიის ნანგრევები და კოშკი
2.
ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების
ეკლესია
3.
ბარეულის"საგვალას" კოშკები.
4.
ბარი (ზემო ბარი და ქვემო ბარი):ქვემო ბარის მაცხოვრის ეკლესია საბუკეს გორაკზე და ღვთიმშობლის ეკლესია, ზემო ბარის ეკლესია.
5.
ბეთლევის თვთისმშობლის მოხატულიეკლესია (ამბრ.)
6.
ბეჟანის ციხე
7.
ბოყვის მთავარანგელოზის ეკლესია,გამოქვაბული მაღალ კლდეში.
8.
ბუბის მონასტერი
10. გენდუშია ტაძარი
11. გენდუშის "მალის" ციხე
12. გლოლის "ზედქალაქის" წმინდა გიორგი და ჯვარი პატიოსანი
13. გოგოლათი
14. გომის წმ.გიორგის ეკლესიისნანგრევები
15. გონის მთავარანგელოზი
16. გორის წმ.გიორგის ეკლესია,ჩუქურთმებიანი ქვა.
18. დვალთის დედათა მონასტერი
19. ველიეთის სამი კოშკი მდ. რიონისმარცხენა მხარეს
20. ველტყევის მონასტერი
21. ზემო ბარის ტაძარი (იხ. ბარი)
24. თამარ დედოფლის საყდარი
როდესაც რაჭაზე ვსაუბრობთ, რათქმაუნდა უნდა ვახსენოთ მევენახეობა, ამ ლამაზი კუთხის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება. საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები საუკეთესო გარემოს ქმნის მაღალხარისხიანი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის, რომლის თავისებურებათა მიხედვით ქვეყნის ტერიტორია იყოფა შემდეგ ზონებად:
კახეთი, ქართლი, მესხეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, შავი ზღვის სანაპირო ზონა.
რაჭა-ლეჩხუმი სხვა რეგიონებისგან გამოირჩევა ვენახების
სიმცირითა და იშვიათი ჯიშის ყურძნით. აქ გავრცელებულია: ალექსანდროული,
მუჯურეთული, ცოლიკოური, წულუკიძის თეთრა, ძელშავი, უსახელოური და ორბელური. რაჭის
ზონა მოიცავს ამბროლაურის რაიონის დიდ ნაწილს, სადაც ვენახები გაშენებულია მდინარე
რიონის ხეობაში, და ქვემო რაჭის ყველაზე მნიშვნელოვან ხვანჭკარის მიკროზონას.
მეღვინეობის თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია ქვემო რაჭა ანუ ამბროლაურის რაიონი, სადაც ბუნებრივი პირობები უფრო უწყობს ხელს ვაზის კულტურის გავრცელებას და ხარისხოვანი პროდუქციის მიღებას. ქვემო რაჭას, თავის მხრივ, მდინარე რიონი ორ ერთიმეორისაგან განსხვავებულ, მარჯვენა და მარცხენა ნაწილად ჰყოფს. მარჯვენა ნაწილში ვენახები გაშენებულია სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე. ნიადაგები ჩონჩხიანია, მზის სხივები უხვად ანათებს ვაზის ნარგავებს და ამის გამო ყურძენში შაქარი ბლომად გროვდება, რაც ქმნის პირობებს ამ მხარეში დავამზადოთ ნახევრად ტკბილი ღვინო „ხვანჭკარა”. ტიპურ "ხვანჭკარას” ისეთს, როგორც ამ ტიპის ღვინოს შეფერის, უნდა ჰქონდეს 10,5-13%
(მოც.) ალკოჰოლი და 3-5%-მდე შაქარი.
ამ ტიპის ღვინის მისაღებად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რიონის მარჯვენა მხარეს რაჭა-ლეჩხუმის საზღვარზე მდებარე
ხვანჭკარის მიკროზონის სოფლები: სადმელი, ბოსტანა, დიდი ჩორჯო,
პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა. ნიადაგების მხრივ რაჭაში გავრცელებულია ნეშომპალა-კარბონატული
და თიხნარი ნიადაგები, ასევე კირნარი, თიხანარევი კაჟი და თიხიანი ქვიშა. ამ ნიადაგებისთვის
სპეციალური სახელებიც არსებობს (თირი-მიწა, ლისი-მიწა, ხორხი-მიწა, აყალო-მიწა და სხვა.
ღვინო „ხვანჭკარა“ ამ სახელით იწარმოება 1932 წლიდან,
რომელსაც მე-19 საუკუნეში „ყიფიანის ღვინო“ ერქვა. დღესდღეობით ხვანჭკარა იწარმოება
ორი ჯიშის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის შერევით. ადრე დასაშვები იყო სხვა ჯიშების
შერევაც და ადგილობრივი ძველი თაობის მეღვინეები დღესაც წურავენ ხვანჭკარას 4 სხვადასხვა
ჯიშისაგან (სადაც ყველაზე დიდი წილი ალექსანდროულზე და მუჯურეთულზე მოდის, თუმცა ცოტაოდენ
თავკვერს, საფერავს ან ოჯალეშს ურევენ). ერთ-ერთი ვერსიით, კლასიკურ ხვანჭკარაში შავ
კაპისტონსაც ურევდნენ თურმე. მე-19 საუკუნეში ხვანჭკარის ღვინოები თავად ყიფიანის ვენახები,
გუბერნიის საუკეთესო ვენახებად ითვლებოდა. სინაზითა და ხავერდოვნებით მაშინდელი ექსპერტები
ბურგუნდიულ ღვინოებს ადარებდნენ „ყიფიანის ღვინოს“. ამ ღვინის მემკვიდრე ღვინოები დღესაც ძალიან პოპულარულია როგორც საქათველოში,
ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ქვემო რაჭაში ცნობილია მეღვინეობის თვალსაზრისით კიდევ ერთი მიკრორაიონი – ბუგეულ-ამბროლაურის მხარე. ექსპოზიციით, ნიადაგებით და სხვა პირობებით ეს მხარე სრულიად განსხვავებულია მის მოპირდაპირედ რიონის მარჯვნივ მდებარე ადგილებიდან. აქ ვენახები გაშენებულია ჩრდილოეთისა და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის კალთებზე. სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ამართული მთის კალთების გამო ვენახები აქ რამდენიმე საათით (ორი საათით მაინც) დღეში დაჩრდილულია, რაც ცხადია, უარყოფითად მოქმედებს შაქრის დაგროვებისა და საერთოდ ყურძნის დამწიფებაზე. ამის გამო ეს მიკრორაიონი იძლევა საშუალო ხარისხის ღვინოებს. აქ თეთრი ჯიშები უფრო კარგ პროდუქტს იძლევა ვიდრე წითლები.
მეორე ადგილი როგორც ვენახების ფართობის, ისე მიღებული პროდუქციის ხარისხის მხრივ ზემო რაჭას ანუ ონის ადმინისტრაციულ რაიონს უკავია. ზემო რაჭის ტერიტორია თითქმის მთლიანად მთაგორიანია, ჰავა მკაცრია და ამიტომ ვენახები უფრო დაცულ ხეობებში გვხვდება. აქ მეღვინეობის მხრივ რიონის მარჯვენა მხარეზე მნიშვნელოვანი პუნქტებია: წესი, სორი, ნიგვზნარა, კოდისთავი, შოუბანი და სხვ. მარცხენა მხარეზე კი - მუხლი, შარდომეთი, ზვარეთი, ზუდალი, ღარი და სხვ. ვენახები
1000-1200 მეტრის სიმაღლეზე გვხვდება ზღვის დონიდან, ყურძენი კარგად დამწიფებას ვერ ასწრებს და მისგან უხარისხო ღვინოები დგება, ამიტომ ზემო რაჭაში მევენახეობა-მეღვინეობას საწარმოო ხასიათი არა აქვს, თუმცა აქ არის ზოგიერთი მიკრორაიონი, სადაც შეიძლება ხარისხოვანი თეთრი ღვინის მიღება, განსაკუთრებით შამპანურის წარმოებისათვის.
რეგიონი მდიდარია კურორტებით: უწერა ცნობილია თავისი
მინერალური წყლებით. სოფელი გამორჩეულია შუა საუკუნეების ეკლესიებით
და აგრეთვე 800 წლის ხეების ხეივნით.
სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე. ღები. სოფელი ღები
უძველესი დროიდანაა დასახლებული. განსაკუთრებით საინტერესოა ყორღანები, რომლებიც ჩ.წ.ა.
III-I საუკუნეებით
თარიღდება. სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 1350 მეტრ სიმაღლეზე. ის
იყო ერთადერთი ასეთი ტიპის დასახლება რაჭაში.შაორის წყალსაცავი მდებარეობს ტყის
შუაგულში კავკასიის მთებზე. ის ზღვის დონიდან
1134 მეტრ
სიმაღლეზეა. წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია მდიდარია ფლორით და ფაუნით. ჩანჩქერები,
მდინარეები, ტყეები, მღვიმეები და სამკურნალო წყლები
აქ უხვადაა. შაორის უნიკალური კლიმატი - ზომიერად ცხელი ზაფხული და სუფთა ჰაერი
მას შესანიშნავ კურორტად
აქცევს.
ბალნეოკლიმატური კურორტი შოვი მდებარეობს ონიდან 30 კმ-ში, თბილისიდან 380 კმ-ში, ქუთაისიდან 147 კმ-ში, დიდი კავკასიონის მთავარი ან წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ფერდობზე, 1520 მ სიმაღლეზე, მდინარე ჭანჭახის ხეობაში (მდინარე რიონის აუზი), ოსეთის სამხედრო გზაზე. კურორტ შოვის მშენებლობა დაიწყო 1923 წელს და ოთხი წლის შემდეგ პირველ დამსვენებლებსაც გაუმასპინძლდა. ერთ წელიწადში შოვი უკვე საკავშირო მნიშვნელობის კურორტი გახდა. შემდგომში აქ აღმოჩენილი იქნა 16 სახეობის მინერალური წყალი.. იგი მდებარეობს ზემო რაჭაში, მდინარე ჭანჭახის მარცხენა ნაპირზე, რომელიც მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადია.
ბალნეოკლიმატური კურორტი შოვი მდებარეობს ონიდან 30 კმ-ში, თბილისიდან 380 კმ-ში, ქუთაისიდან 147 კმ-ში, დიდი კავკასიონის მთავარი ან წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ფერდობზე, 1520 მ სიმაღლეზე, მდინარე ჭანჭახის ხეობაში (მდინარე რიონის აუზი), ოსეთის სამხედრო გზაზე. კურორტ შოვის მშენებლობა დაიწყო 1923 წელს და ოთხი წლის შემდეგ პირველ დამსვენებლებსაც გაუმასპინძლდა. ერთ წელიწადში შოვი უკვე საკავშირო მნიშვნელობის კურორტი გახდა. შემდგომში აქ აღმოჩენილი იქნა 16 სახეობის მინერალური წყალი.. იგი მდებარეობს ზემო რაჭაში, მდინარე ჭანჭახის მარცხენა ნაპირზე, რომელიც მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადია.
შოვი ზღვის დონიდან საკმაო სიმაღლის გამო ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, რომელთა საშუალო სიმაღლე 4000 მ აღემატება. სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით იკვეთება კავკასიონის ქედებით. ამგვარი განლაგება ტერიტორიას იცავს ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან.
შოვის ტერიტორია ცნობილია წიწვოვანი ტყეებით, სადაც ბევრია გარეული ფრინველი და ცხოველი: კავკასიური თხა, არჩვი, შველი, დათვი, მგელი, კვერნა, მელია, კურდღელი, ციყვი, ფოცხვერი, კავკასიური როჭო, გარეული კავკასიური ინდაური და სხვა...
შოვი განლაგებულია დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკული რეგიონის ალპურ საკურორტო ზონაში და ხასიათდება მთის სუბტროპიკული კლიმატით. ჰაერის საშუალო ტემპერატურა +5 +4C0-ია, ფარდობითი ტენიანობა -78%-80%, წლიური ნალექების რაოდენობა - 1100 მმ.
ზამთარი შოვში საკმაოდ ცივია. ამ პერიოდის საშუალო ტემპერატურა მერყეობს -10 C0 - -13 C0 შორის.
ზაფხული საკმაოდ გრილია. ყველაზე თბილი თვეებია ივლისი-აგვისტო, როდესაც ტემპერატურა მერყეობს +16 C0 +20 C0 შორის. საერთოდ დღის განმავლობაში მზე 8-10 საათს ანათებს. ადგილის სიმაღლის და ჰაერის სისუფთავის გამო მზის პირდაპირი გამოსხივება და ულტრაიისფერი სხივების დიდი რაოდენობა კურორტ შოვს ანიჭებს მზის სხივებით სამკურნალო კურორტის სახელს.
შოვი ცნობილია მინერალური წყლებით, რომლებიც განსხვავდება შემადგენლობით (კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმის ჰიდროკარბონატი,) და ჯანმრთელობისთვის საჭირო თვისებებით. შოვის მინერალური წყლები შეიძლება გამოყენებული იქნას ანემიის, დაბალი წნევის, შინაგანი დაავადებების, ბრონქიალური ჯირკვლების და სხვათა სამკურნალოდ. კურორტის ადგილმდებარეობა იძლევა სპორტის ისეთი სახეობების განვითარების
საშუალებას, როგორიცაა ალპინიზმი, სათხილამურო სპორტი, მდინარეზე კაიაკებით დაშვება...
როდესაც საუბარია
რაჭის კურორტებსა და რეკრეაციულ ზონებზე, დიდ ყურადღებას იმსახურებს სულ ახლახან
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, კლუბმა „თეთნულდმა“ რაჭის მიწისქვეშეთში ახალი მღვიმე აღმოაჩინა. კლუბი "თეთნულდი" რაჭაში ორდღიანი
ექსპედიციით მღვიმეების
შესასწავლად იმყოფებოდა.
კლუბის წევრების
განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების
მიზეზით, მღვიმის დეტალურად
შესწავლის შესაძლებლობა
არ მიეცათ,
თუმცა აცხადებენ,
რომ ახალი
მღვიმის სათაფლიის
მღვიმესთან შედარება
შეიძლება.
„მღვიმის
ზუსტი სიგრძე
ამ დროისათვის
არ გაგვიზომავს,
მაგრამ დაახლოებით ოთხსაათნახევარი დასჭირდა
მის დათვალიერებას და
უკან დაბრუნებას.
ანუ საკმაოდ
მასშტაბურია. შეგვიძლია, რომ სათაფლიის
მღვიმეს შევადაროთ.“ - აცხადებენ ექსპედიციის წევრები. „ჩვენს
მიერ აღმოჩენილ
მღვიმეს რამდენიმე
პატარა განშტოება
და სართულები
აქვს. ასევე შეგვხვდა
ჭები, თუმცა ჭების
დათვალიერება ამ
დროისათვის ვერ
მოხერდა. მღვიმეში ასევე აღმოჩენილია
საინტერესო და
იშვიათი სახის
ნაღვენთი წარმონაქმნები, რომელთა
იდენტიფიცირებაც მიმდინარეობს
და უახლოეს
მომავალში მათ
შესახებაც უფრო
ზუსტი ინფორმაცია
გვექნება,“- ამბობს მთამსვლელი
გიორგი ენუქიძე. გარკვეული მიზეზების გამო,
კლუბის წევრები
მღვიმის ზუსტ
მდებარეობას ამ
დროისათვის ვერ
ასახელებენ. ამინდის გაუმჯობესების შემთხვევაში
კი მღვიმეში
დაბრუნებას მისი
დეტალურად შესწავლის
მიზნით გეგმავენ...
დასასრულს უნდა ვახსენოთ რაჭული სამზარეულოც .... რაჭული სამზარეულოს ცნობილი კერძებია - შქმერული, ლობიოს შეჭამანდი და ლობიანი, რომელიც ლორით შეზავებული ლობიოს გულსართით მზადდება. რაჭველები ლობიანებს პურის მსგავსად თონეში აცხობენ. რაჭველები განსაკუთრებულად ამზადებენ ღორის ლორს, რომლის მომზადებასაც კვირეები სჭირდება.
...
და რასაკვირველია, რაჭულ სამზარეულოს
ბოლოს რაჭული სადღეგრძელო ალამაზებს:
ო, დიდება
ღმერთსაო!
კიდევ დავლევ
ერთსაო,
ორივე ხელს მოვკიდებ
რომ არ დამექცესაო.
ღმერთმა ყველას
გაგიმარჯოთ
სტუმარ-მასპინძელსაო.
ჩვენი მტერი
და ორგული
დასწყევლოს ტურა მელამა!
ქრისტეს აღდგომა
გვამცნობოს
წისქვილის სარეკელამა!
მრავალძლის წმინდა
გიორგიმ,
ველიეთ სულის
ზენამა,
თქვენი ოჯახი
დალოცოს
სამთისის დიადემამა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი
მოდიოდა ფეხშიშველი,
ღმერთმა ყველა
გადღეგრძელოთ
სტუმარი და მასპინძელი!
შეგვეწიოს ყოვლად
წნიმდა
ხოტევი და ნიკორწმინდა-
ზემო ბარი, ქვემო
ბარი,
ქოლოსი და მრავალძალი.
აგარა და უყეში,
ღმერთმა მოგცეს
ნუგეში.
ამ ოჯახის
კედელ-კუთხე
ქრისტე ღმერთო
შენ აკურთხე.
აშენდა ჩვენი
ოჯახი
აშენდა ჩვენი
კერაო,
სახარებაშიც წერია
სტუმრის პატივისცემაო!..
გამოყენებული ლიტერატურა:
Комментариев нет:
Отправить комментарий